“And now here is my secret, a very simple secret: It is only with the heart that one can see rightly; what is essential is invisible to the eye.”
Antoine de Saint-Exupéry, The Little Prince
დღევანდელ ბლოგში ჩვენ ფოტოგრაფ იკა ხარგელიას შესახებ მოგიყვებით, რომლის განსხვავებული ხედვა, ტექნიკა და გამოცდილება შეიძლება თქვენი შთაგონების წყარო გახდეს.
იკამ გადაღება ათიანი წლების დასაწყისში დაიწყო, მაშინ ციფრული კამერით იღებდა. შემდეგ კი მის ნამუშევრებში რაღაც შეიცვალა, ციფრული ანალოგმა ჩაანაცვლა. ჩვენთვის საინტერესო იყო მისი ეს გამოცდილება და შესაბამისად პირველი კითხვაც ამაზე დავუსვით:
01. – წლებია იღებ. როგორც მახსოვს ადრე ციფრული ფოტოგრაფიით იყავი დაინტერესებული და შემდეგ ფირის ფოტოგრაფიაზე გადახვედი. რა პლიუსები ან მინუსები აქვს შენთვის ფირით გადაღებას?
– კი, საკმაოდ დიდიხანია ვიღებ და ჩემდა სამწუხაროდ თავიდან ციფრული კამერით დავიწყე გადაღება, ბოლო 2 წელია ფირზე აქტიურად გადავედი და ამ ეტაპზე მხოლოდ 120 ფირით ვიღებ. ისე გაცილებით ადრე დავიწყე ფირით გადაღება, თუმცა მაშინ ფირის კულტურა თითქმის დავიწყებული იყო და გადაღებაც უფრო სირთულეს წარმოადგენდა ვიდრე დღეს.
პლიუსებს და მინუსებს რაც შეეხება, შემიძლია მხოლოდ პლიუსები გითხრათ. არ ვიცი, ცოტა მიჭირს ახსნა, ყველას თავისი გრძნობა გააჩნია ფირთან, საკუთარი დამოკიდებულება. ჩემთვის ფირის უპირატესობაა სიღრმე, ფორმები, ფერები, ხარისხი და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს საბოლოოდ, განსაკუთრებით საშუალო ფორმატის ფირზე. ფირი საშუალებას მაძლევს გავაზიარო ის, რასაც ვხედავ და ვგრძნობ და შესაბამისად ფოტოზე გადმოვცე.
02. _ ფირის ფოტოგრაფიაშიც შეიძლება ითქვას, რომ უნივერსალური ფოტოგრაფი ხარ და რამდენიმე მიმართულებით იღებ, სხვადასხვა სტილის ფოტოგრაფიას ისე უთავსებ ერთმანეთს, რომ შენი ხელწერა ყოველთვის ჩანს.
მოგვიყევი შენი დამოკიდებულების შესახებ ამ მიმართულებებსა და შენს გამოცდილებაზე.
ყველაფერს რასაც ვხედავ და ვფიქრობ, რომ უნდა გადავიღო – ვიღებ. ვიღებ თითქმის ყველაფერს, ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარ ვიზუალურ მეხსიერებას ვკვებავ. ვფიქრობ, რომ ზოგადად საუბარი, როგორც გამოხატვის საშუალება, ჩემი ძლიერი მხარე არაა, ამიტომ ჩემს სათქმელს, ემოცეიბს ხედვითი მეხსიერებით გადმოვცემ. ალბათ ეს არის მიზეზი, რის გამოც თავს არ ვიზღუდავ კონკრეტული სტილით.
03. – საყვარელი ფოტო თუ გაქვს შენი გადაღებულებიდან და რომ გაგვიზიარო რატომ მოგწონს
– ფავორიტი ფოტო არ მაქვს, მაგრამ არის ფოტოები რომლებიც დროის რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში მომწონს, მაგრამ რაღაც დოზის ყველა ფოტო მომწონს, იმიტომ რომ, რაღაც მოგონებები აქვთ ჩემთვის, თუნდაც უბრალოდ ვიზუალური.
04. – რომელ კამერებს იყენებ?
– წლების მანძილზე საკმაოდ ბევრი კამერა დამიგროვდა მაგრამ ბოლო რამოდენიმე წელია Mamiya RZ67-ით ვიღებ.
05. საყვარელი ფირი
- Kodak Portra 400, Kodak T-Max, Fujifilm Pro 400H, თუმცა ყველა ფირს თავისი სპეციფიკა აქვს, გააჩნია, რა შედეგზე ვფიქრობ.
Photography Blog
დიდი მადლობა იკა!
იკა ხარგელია ინტერვიუ